სკაუტური სიმბოლოები

სკაუტური მოძრაობა გულმოდგინედ ინახავს თავის სიმბოლოებსა და ტრადიციებს. თაობიდან თაობას გადასცემს მის სიმბოლიკურ მნიშვნელობას და წარმოშობის ისტორიას.

როგორცკი სკაუტი გახდები, უკვე გამოიყენებ სკაუტურ ემბლემას, სკაუტისთვის დამახასიათებელ ნიშნებსა და სიმბოლოებს, რომლებიც ცხადყოფენ, რომ პირადად შენ და ყველა შენნაირი სკაუტი მსოფლიო სკაუტური ძმობის წევრები ხართ.

თითოეულ ქვეყანას გააჩნია მისთვის დამახასიათებელი სკაუტური ემბლემა, რომელსაც ამ ქვეყნის სკაუტი ატარებს. არსებობს მსოფლიოს ყველა სკაუტისთვის ერთი საერთო         ემბლემა _ თეთრი სამფურცელა შროშანი იასამნისფერ ფონზე. ეს არის მსოფლიო სკაუტური მოძრაობის ყველას მიერ აღიარებული სიმბოლო.

მსოფლიო სკაუტური ემბლემა

ცნობილ ენციკლოპედიაში - "ბრიტანიკა" წერია, რომ ეს ნიშანი წარმოდგება ქართა ვარდისაგან, უფრო ძველი ნიშნისაგან, ვიდრე კომპასია, რომელიც პირველად მეზღვაურებმა გამოიყენეს. უძველეს რუკებზე შროშანის სამი ფურცელი აღნიშნავდა ჩრდილოეთის პოლარულ ვარსკვლავზე ორიენტირებულ კომპასის ისარს. სკაუტურ მოძრაობაში სამფურცელა შროშანი აღნიშნავს გზას მეგობრობისა და ძმობისკენ. მოგვიწოდებს, ვიყოთ მართალნი და საიმედონი, როგორც კომპასი, დავეხმაროთ სხვებს გზის გაკვლევაში.

შროშანის სამი ფურცელი გამოსახავს სკაუტური პირობის სამ ელემენტს _ ვალდებულებას ღმერთის, საკუთარი თავის და სხვების წინაშე; ორი ვარსკვლავი _ სიმართლეს და სიცოცხლეს ბუნებაში, ხოლო მათი ათი ქიმი – სკაუტინგის კონსტიტუციის შესაბამისად სკაუტური კანონის 10 მცნებას.

მსოფლიო სკაუტურ ემბლემაში ასევე მნიშვნელოვანი ელემენტია თოკი. იგი შემოხვეულია შროშანზე და შეკრულია საზღვაო კვანძით, როგორც მსოფლიო მოძრაობის ერთიანობისა და ძმობის ნიშანი.

მსოფლიო სკაუტური მოძრაობის ფერებია თეთრი და იასამნისფერი. ჰერალდიკაში თეთრი ფერი სიწმინდეს აღნიშნავს, ხოლო სამეფო იასამნისფერი _ ლიდერობას და სხვებისადმი დახმარებას.

სკაუტური დევიზი

სკაუტური დევიზია: "იყავმზად! - პასუხი: "მზადვარ!".

ლორდ ბადენ პაუელს ერთხელ ჰკითხეს, რას ნიშნავდა ეს დევიზი. მან ასე ახსნა: "სკაუტური დევიზი გვეუბნება, რომ ყოველ თვის მზად უნდა იყო, შეასრულო შენი ვალი ნებისმიერი გასაჭირის დროს და საჭიროების შემთხვევაში დაეხმარო სხვებს."

ბადენ პაუელი ფიქრობდა არა მარტო სკაუტების მზად ყოფნაზე ექსტრემალურ სიტუაციებში, არამედ იმაზეც, რომ თითოეული სკაუტი უნდა მოემზადოს, რათა გახდეს სამშობლოს სასარგებლო მოქალაქე, თავისი წვლილი შეიტანოს ბედნიერი ცხოვრების შექმნაში. მას უნდოდა, თითოეული სკაუტი აღჭურვილი ყოფილიყო იმ ცოდნითა და თვისებებით, რომლის რეალიზებაც დაეხმარებოდა ნებისმიერი ცხოვრებისეული სირთულის დაძლევაში.

იყო მზად ცხოვრებისთვის ნიშნავს _ იცხოვრო ბედნიერად, იმედგაცრუების გარეშე, იმის გააზრებით, რომ გააკეთე ყველაფერი, რაც შენზე იყო დამოკიდებული. სწორედ ეს არსია ჩადებული სკაუტურ დევიზში.

სკაუტური ნიშანი

როცა წარმოთქვამ სკაუტურ პირობას და სკაუტურ კანონს, იდაყვში მოხრილი მარჯვენა ხელი ასწიე ზევით ისე, რომ არ მოხარო მაჯაში, ხელის გული გახსნილია და მიმართულია პირდაპირ, შუა სამი თითი ზეაწეულია, ხოლო ცერი ფარავს ნეკა თითის მოხრილ ფალანგს.

ეს ნიშანი არის სკაუტური პირობის სიმბოლო და აღნიშნავს ვალდებულებას ღვთის, საკუთარი თავისა და სხვების წინაშე. ჟესტების ენაზე აღნიშნავს სიბრძნეს, მაღლა აწეული ხელი კი _ ყურადღებას.

როცა სკაუტების ლიდერი ხელს მაღლა ასწევს, ყველა სკაუტი ანალოგიურად უპასუხებს სკაუტური ნიშნით და ირგვლივ სიჩუმე დგება.

სკაუტური მისალმება (შილინგი)

სკაუტური მისალმება ხაზს უსვამს შენს დამოკიდებულებას განსაკუთრებული ღონისძიებების მიმართ. დროშასთან შენი მისალმება ნიშნავს _ ქვეყნისადმი პატივისცემას. როდესაც შენ ესალმები სკაუტ ლიდერს და სხვა სკაუტებს, ამით ამტკიცებ, რომ შენც ეკუთვნი სკაუტების დიდ ოჯახს. მისალმება სრულდება მარჯვენა ხელით, რომელიც იდაყვშია მოხრილი და მიტანილია მარჯვენა წარბთან ხელისგულით წინ.

სკაუტური ხელის ჩამორთმევა

სკაუტური ხელის ჩამორთმევა – მეგობრობისა და ერთგულების გამოვლენის ნიშანია. სკაუტები ერთმანეთს მარცხენა ხელის ჩამორთმევით ესალმებიან.

ბადენ პაუელმა ხელის ჩამორთმევის ტრადიცია ერთი აფრიკული ტომისგან გადმოიტანა. ჩვეულებრივ, ამ ტომის მეომრებს მარცხენა ხელში ფარი ეკავათ, მარჯვანაში კი_შუბი. უცნობ ადამიანთან შეხვედრისას, ნდობისა და მეგობრული განწყობის საჩვენებლად, მეომარი შუბს მიწაზე დებდა, ფარი გადაჰქონდა მარჯვენა ხელში, და უცნობს მარცხენა ხელის ჩამორთმევით ესალმებოდა.

მარცხენა ხელის ჩამორთმევა არის სკაუტური ძმობის ნიშანი.

სკაუტური განმასხვავებელი ნიშანი

ფორმის სახელოზე განსაკუთრებული დანაკერები (ბეჯი) აღნიშნავს ამა თუ იმ სკაუტურ სპეციალობაში შენს მიღწევებს. სპეციალობა ეს არის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომელსაც შენ სკაუტურ საქმიანობაში დაეუფლები. ყველა სკაუტურ სპეციალობას აქვს თავისი მოთხოვნები, რომელთა შესრულება აუცილებელია. ამ მოთხოვნების შემდეგ გეძლევა უფლება, მარცხენა სახელოზე ატარო განმასხვავებელი ნიშანი. ეს განსაკუთრებული მიღწევის შემდეგ გადმოგეცემა, როგორიცაა მაგალითად: პირველი სამედიცინო დახმარების გაწევისას, მიღწეული წარმატებისათვის ალპინიზმში, ცურვაში და ა.შ.

სკაუტური ფორმა და ყელსახვევი

სკაუტური მოძრაობის დაარსებიდან სკაუტები დიდი სიამოვნებით ატარებენ ფორმას და პატივისცემით ეპყრობიან მას.

მოძრაობის დასაწყისში ის იყო ყველასთვის მკაცრად განსაზღვრული: ფართო ფარფლებიანი ქუდი, პერანგი, ხაკისფერი შარვალი, უფრო ხშირად შორტი, წინდები და ტურისტული ფეხსაცმელები.

ამჟამად ფორმა, რათქმა უნდა შეიცვალა. ის გაცილებით მეტად შეესაბამება დროს, ადგილობრივ პირობებს, ეროვნულ ტრადიციებს. ფორმების განსხვავებული ფერთა გამა ერთმანეთისგან გამოარჩევს სხვადასხვა ქვეყნის ეროვნულ სკაუტურ ასოციაციებს.

შენს პატრულსაც შეუძლია განსაკუთრებული ფორმის მოფიქრება, მაგრამიგი აუცილებლად უნდა იყოს მსოფლიო სკაუტური მოძრაობის ერთიანი ნაციონალური ორგანიზაციის კუთვნილების სიმბოლო.

ყოველი სკაუტი აუცილებად ატარებს ყელსახვევს. სწორედ ეს ელემენტი განასხვავებს ერთ სკაუტურ ჯგუფს მეორისგან.

ყელსახვევი სხვადასხვა სკაუტურ პატრულებსა და ჯგუფებში განსხვავებული ფერისაა. ის შეიძლება იყოს ქვეყნის დროშის, ქალაქის ან რეგიონის გერბისფერი.

ყელსახვევი ატარებს სიმბოლურ დატვირთვას, მისი სამი ბოლო იდეურად დაკავშირებულია სკაუტურ პირობასთან.

სხვადასხვა ღონისძიებებზე ქვეყნის წარდგენის დროს სკაუტები ატარებენ ნაციონალურ ფორმასა და ყელსახვევს.