როგორ გახდე სკაუტი

შენ შეგიძლია გახდე სკაუტი,თუ ცხოვრობ საქართველოში,ხარ გოგო ან ვაჟი 8-დან 25 წლამდე და ზევით. შენ უნდა იცნობდე და ეთანხმებოდე საქართველოს სკაუტების კონსტიტუციას,იცხოვრო სკაუტური ცხოვრებით და შეასრულო სკაუტური პირობა და კანონი.

სკაუტები იყოფიან ასაკის შესაბამისად

  • კაბ სკაუტები 8-12 წ.წ.
  •  სკაუტები 13-17 წ.წ.
  • როვერ სკაუტები 18-25 წ.წ.

თუ შენ სურვილი გაგიჩნდა, რომ შემოგვიერთდე და დაიწყე ჩვენი ძებნა, მაშინ იმოქმედ. სკაუტების შესახებ ჰკითხე შენს მშობლებს, მეგობრებს. დარეკე საინფორმაციო ბიუროში, სადაც გეტყვიან სკაუტების კოორდინატებს. მოიძიე ინტერნეტ გვერდის მეშვეობით, თუ რა ღონისძიებებს ანხორციელებენ ისინი და დაეკონტაქტე.

პირველივე შეხვედრაზე უფროსი ლიდერი აგიხსნის,რა არის გაწევრიანებისათვის საჭირო, რა არის სკაუტინგი; მაგრამ სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებ, უკეთ გაიცანი სკაუტური მოძრაობა, მიიღე მონაწილეობა მათ შეკრებებში, მათ საქმიანობაში და კიდევ ერთხელ შეეკითხე საკუთარ თავს, არის თუ არა სკაუტინგი შენთვის საინტერესო და საჭირო.

შენი სურვილის გამოხატვის შემდეგ, ავსებ ბლანკს, წერ განცხადებას, იხდი საწევროს და თეორიული ინფორმაციის შემდეგ, აანალიზებ პრაქტიკულად არის თუ არა სკაუტინგი შენი. გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ, როდესაც შენი ჯგუფის ლიდერი გადაწყვეტს, რომ შენ მზად ხარ ოფიციალურად გაწევრიანდე, საზეიმოდ სდებ პირობას. ორგანიზაციაში გაწევრიანება საპასუხისმგებლო ნაბიჯია. 

ეს ნაბიჯი ყველამ, ასაკის მიუხედავად,ნებაყოფლობით უნდა გადადგას.თუ გადაწყვიტე, გახდე სკაუტი:

1. ყურადღებით წაიკითხე ორგანიზაციის წესდება, შენი გადაწყვეტილების შესახებ აცნობე მშობლებს, მიიღე მათი თანხმობა;

2. თუ ეთანხმები წესდებას, დაუკავშირდი უახლოეს სკაუტური ორგანიზაციის ოფისს, პატრულს, დაწერე განცხადება ორგანიზაციის პრეზიდენტის სახელზე;

3. უფროსი ლიდერის ხელმძღვანელობით შეისწავლე:

• სკაუტინგის ისტორია და ტრადიციები;

• პირობა და კანონი;

• მოამზადე შენი სკაუტური ფორმა და ინვენტარი;

• ისწავლე სკაუტური კვანძების გაკეთება.

4. დაესწარი სკაუტების მიერ ორგანიზებულ შეხვედრებს და მიიღე მონაწილეობა სკაუტურ ცხოვრებაში;

5. შენს პატრულთან ერთად მოამზადე პირობის დადების ცერემონიალი.