სკაუტინგი საქართველოში

რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფ საქართველოს გუბერნიაში თავადმა ბარათოვმა ჩამოაყალიბა სკაუტური რაზმი, რომელსაც ურთიერთობა ჰქონდა რუსეთში სკაუტინგის დამაარსებელთან_პანტიუხოვთან.

დემოკრატიულ საქართველოში პირველი სკაუტური პატრულები გაჩნდა ქალაქ ბათუმში, აჭარაში. ოჯახურმა არქივებმა შემოგვინახა პირველი ქართველი სკაუტების გვარებიც: ჭიჭინაძე, აბაშიძე, ბარათაშვილი.

კომუნისტური მმართველობის პერიოდში სკაუტინგი, როგორც საბჭოთა წყობილებისთვის მიუღებელი მოძრაობა, ხელისუფლების მიერ იკრძალებოდა. სკაუტური ორგანიზაციის შექმნა შესაძლებელი გახდა მხოლოდ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.

საქართველოს ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა საქართველოს სკაუტური მოძრაობის საინიციატივო ჯგუფი სანდრო ურუშაძის ხელმძღვანელობით. საინიციატივო ჯგუფის წევრები იყვნენ ანდრო დგებუაძე, მზია აფრიდონიძე, ვახტანგ ახალაძე. 1993 წლის აგვისტოში ჩატარდა საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის დამფუძნებელი კრება, რომელმაც საქართველოს სკაუტური მოძრაობის პირველ პრეზიდენტად აირჩია ანდრო დგებუაძე. 1994 წლის 14 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კოლეგიის დადგენილებით მოხდა საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის რეგისტრაცია. განვითარების პირველ წლებში ქართველი სკაუტების პარტნიორი ორგანიზაცია იყო საფრანგეთის სკაუტები.

1994 წლის ივლისს წყალტუბოს რაიონში ჩატარდა საქართველოს პირველი სკაუტური ჯემბორი. 1995 წელს საქართველოს დელეგაციამ პირველად მიიღო მონაწილეობა ჰოლანდიაში გამართულ მსოფლიო ჯემბორზე. დელეგაციის ხელმძღვანელი იყო “საქართველოს სკაუტების”მეორე პრეზიდენტი ირაკლი თოდუა. 1996 წელს საქართველოს სკაუტებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა მსოფლიო მუტში (ზრდასრული სკაუტების საერთაშორისო შეკრება - ბანაკი) შვედეთში. კონტინგენტის ხელმძღვანელი იყო სანდრო ურუშაძე, ამჟამინდელი “საქართველოს სკაუტების” მესამე პრეზიდენტი. 1997 წლის 24 დეკემბერს საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია გახდა სკაუტური მოძრაობის მსოფლიო ორგანიზაციის 147-ეოფიციალური წევრი.

საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია – “საქართველოს სკაუტები” არის არასამთავრობო, არაპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ანხორციელებს არაფორმალური განათლების გზით მოზარდი თაობისა დ აახალგაზრდების განვითარებას.

ორგანიზაციის უმაღლესი ორგანოა გენერალური ასამბლეა, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ იმართება. გენერალური ასამბლეა ირჩევს ნაციონალურ გამგეობას. ნაციონალური გამგეობა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობს ორგანიზაციას ასამბლეებს შორის პერიოდში. ნაციონალური გამგეობა ნიშნავს გენერალურ მდივანს, სამი წლის ვადით.

ამჟამად, საქართველოს სკაუტური მოძრაობა აერთიანებს თბილისის, აჭარის, ქვემოქართლის, შიდა ქართლის, იმერეთისა და სამეგრელოს ორგანიზაციებს.

ორგანიზაციის სტრუქტურა განახლებული 2015 წლის 31 აგვისტოს: